ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები "CASAREX24“ დაიწყეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მიერ ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მონაწილე ქვეყნების მზადყოფნის გაუმჯობესებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. ეს წვრთნები კასპიის ზღვაში ირანის ინიციატივით პირველად ტარდება.
წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ირანული ხომალდები, მათ შორის, სარაკეტო კატარღები Paykan, Joshan, Derafsh და Separ, ასევე IRGC-ის (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) საზღვაო ქვედანაყოფი Martyr Basir. უსაფრთხოებისა და სამაშველო წვრთნებში მონაწილეობს რუსული ხომალდი SB 45. კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია, წვრთნების სხვადასხვა ეტაპს მონიტორინგს გაუწევენ.