ერდოღანის თქმით, თურქეთი, შესაძლებელია, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებას პალესტინელების დასახმარებლად ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ, ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 28 ივლისს, ღამით, სოციალურ ქსელ Х-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი.


საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოღანს „კაცობრიობის სინდისის ხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის, ისრაელი, ღრმა პანიკაშია.


Reuters-ის ცნობით, 28 ივლისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის შეკრებაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის ომი პალესტინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა ისრაელს მსგავსი მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს. მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, ისრაელშიც შევიდეს, ისევე როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევიდა, თუმცა ერდოღანმა არ დააკონკრეტა, რა სახის ინტერვენციას ვარაუდობდა.


დღეს, 29 ივლისს, განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მისი მიხედვით, „ნეთანიაჰუს გენოციდსაც" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს.


უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს „გამათავისუფლებელი" უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი, ჰიტლერს შეადარა.


ცნობისთვის, 2020 წელს თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად „სამხედრო ოპერაციაში“ პირდაპირ მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ყველა საშუალებას იყენებდა მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად.