ევროკავშირი საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს

“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.


სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო სადავო კანონის ძალაში შესვლა, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.”


მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.”


“[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.