ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო გადახედავს პროექტებს, რომ "მის განვითარებას შეფერხება არ ჰქონდეს".
მანვე წუხილი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით "ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული."
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „დაპაუზდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა.“
მანვე აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
„აშშ-ის CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC-ს დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება. ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს,” - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მანამდე, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს - იგივე ლუგარის ლაბორატორიას - ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის, კერძოდ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდა, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.