ყაზახეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გაზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ასტანაში.
შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან იწყებს გლობალური პროექტის განხორციელებას.
გარდა ამისა, ქვეყანა ასევე აქტიურად განიხილავს ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის Kambarata HPP-1-ის მშენებლობას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან.
„ამ კუთხით, მე გამოვდივარ შეთავაზებით, რომ განიხილებოდეს მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა რეგიონის სახელმწიფოებთან, კერძოდ, გაზის ინდუსტრიაში,“ - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებია ენერგომომარაგების სტაბილურობის გლობალური დარღვევა, ნავთობისა და გაზის ფასების მერყეობა და სხვა ფაქტორები.
„ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ გამოწვევების პროგნოზირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება,“ - აღნიშნა სატკალიევმა. მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკული ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების გზით.