მეხიკოში უკრაინის საელჩომ თხოვნით მიმართა მექსიკის მთავრობას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს ჩავა ამ ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა 2023 წლის მარტში, შესაძლო ომის დანაშაულის გამო.“
სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ..."
შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
განახლება: მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა მექსიკაში. ამ ცნობას სააგენტო Reuters ავრცელებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.