კობახიძე: ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც სამწუხაროა.“ ირაკლი კობახიძის თქმით, „კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე.“


„ყველამ კარგად იცის ვინ ვინ არის და რას ემსახურება ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოში ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.


ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დღესვე, მან ისაუბრა სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის თქმით აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა.“ პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მისი თქმით, „უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება.“


ირაკლი კობახიძის თქმით ამერიკულ ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა თვისებრივად შეცვალოს მიდგომა თბილისის მიმართ. “დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას,” - აღნიშნა კობახიძემ.


„საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში,“ - განაცხადა პრემიერმა.