რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობით შეიცვალა.
გადაწყვეტილება დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაცხადა. მინისტრ ალექსანდრ კურენკოვის თქით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის „შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული შეტევების” გამო, რომელთა შედეგად დაღუპული და დაჭრილი არიან მოქალაქეები, დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, რასაც ფედერალურ დონეზე რეაგირება სჭირდება.
ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს შედეგების ლიკვიდაციას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მათ შორის დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კატეგორიების მიხედვით 15 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ფინანსური დახმარების გაწევას.
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში 14 აგვისტოს აამოქმედეს რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მიზეზად დაასახელა „უკიდურესად რთული და დაძაბული ვითარება“ და განაცხადა, რომ მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასაწესებლადაც.
უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, რეიდი დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც. ორივე რეგიონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი მოქალაქე.
9 აგვისტოს ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს რუსეთის კურსკის ოლქშიც, რომლის ტერიტორიაზე 6 აგვისტოდან მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.