უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს და იქ სამხედრო სამეთაურო პუნქტს აყალიბებს. მანამდე, უმაღლესი მთავარსარდლის სხდომაზე განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომ უკრაინის არმიის მიმდინარე შეტევის ფონზე, სამხედრო კომენდატურა შეიქმნა. მისი განმარტებით, კომენდატურა უზრუნველყოფს მართლწესრიგს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იზრუნებს. უწყებას სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი.
„გენერალმა სირსკიმ ასევე მომახსენა ქალაქ სუჯის რუსი სამხედროებისგან განთავისუფლების დასრულების შესახებ. და იქ ახლა იქმნება უკრაინის სამხედრო სამეთაურო პუნქტი. გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. საერთო ჯამში უკვე 80-ზე მეტია,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის.
უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო.
„ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო 15 აგვისტოს, შუადღისთვის, - 500 მეტრიდან 1500 მეტრამდე მანძილზე,“ განაცხადა გენერალმა სირსკიმ.
უფრო ადრე, უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა, კურსკის რეგიონის მცხოვრებლებს შესთავაზა ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე. უწყებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა.
"უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას იცავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ კურსკის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის საჭირო დაცვასა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას," - აღნიშნა ვერეშჩუკმა.