რატომ არ აღასრულა მონღოლეთმა პუტინის დაკავების ორდერი

უკრაინა შეახსენებს მონღოლეთს, რომ „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უნარი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.“ 


მონღოლეთში პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი აღნიშნავს, რომ „დღეს პუტინმა დაამცირა მონღოლეთი, ცინიკურად გამოიყენა იგი, როგორც ვაჭრობის საშუალება თავის გეოპოლიტიკურ თამაშში.“


„დამნაშავისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ძირს უთხრის გლობალური სამართლებრივი სისტემის მიზანს და სერიოზულად არღვევს დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებს. პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმით მონღოლეთმა შეგნებულად საფრთხე შეუქმნა მის საერთაშორისო ვალდებულებებს.“


კოსტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. „საერთაშორისო სამართლის ნორმები ისე შეიქმნა, რომ მსოფლიოს ხალხებმა სისხლით არ გადაიხადონ თავიანთი თავისუფლება, როგორც ამას ახლა უკრაინელები აკეთებენ.“


კოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინის გენერალური პროკურატურა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაისაჯოს ომის დამნაშავეები და აღადგინონ სამართლიანობა ყველასთვის, ვინც დაზარალდა რუსული აგრესიით.“


მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთზე მისი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო.


„მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო სამეზობლოდან შემოაქვს, რომელიც ადრე ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა. ეს მიწოდება გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად," - აღნიშნა სპიკერმა.

"მონღოლეთი ყოველთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მომხრე იყო თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაზეც მეტყველებს ჩვენი ოფიციალური განცხადებები დღევანდელ დღეს," - დაამატა სპიკერმა.


მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს დაპატიმრება არ ემუქრებოდა. ICC-მ და ევროკომისიამ ბოლო დღეებში ხაზი გაუსვეს მონღოლეთის სამართლებრივ ვალდებულებებს ICC-ის დაპატიმრების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით.


როგორც AXIOS წერს, ქვეყანას შეიძლება, მისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამართლებრივი შედეგები დაემუქროს. იურიდიულის სფეროს ექსპერტმა ადრე განუცხადა POLITICO-ს, რომ მონღოლეთს სავარაუდოდ, დევნა დაემუქრება მისი უმოქმედობის გამო. ევროკავშირმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტების მონაწილემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, შეესრულებინა დაკავების ორდერი,“- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 


მონღოლეთში პუტინის ჩასვლა მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში. 2023 წლის მარტის შემდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში შეჭრისა და ომის სავარაუდო დანაშაულებში მისი ბრალეულობის გამო. მონღოლეთში პუტინის ვიზიტს უკრაინას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილებით, მონღოლეთმა გაიზიარა მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა.


უკრაინამ მონღოლეთს გასულ კვირაში მოუწოდა პუტინი დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ ასობით უკრაინელი ბავშვის უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს.


ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მაც. დაპატიმრების ორდერი სასამართლოს 124 წევრ ქვეყანას - მათ შორის, მონღოლეთს ავალდებულებს პუტინის დაპატიმრებას და მის გადაცემას ჰააგისთვის, თუკი ის მათ ტერიტორიაზე შევა.


ვაშინგტონის პოზიცია

ვაშინგტონს ესმის სიტუაცია, რომელშიც მონღოლეთი იმყოფება და მოუწოდებს ულან-ბატორს, პუტინთან მოლაპარაკებებისას ხაზი გაუსვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს ამ პრინციპების დაცვას მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, მილერმა გამოხატა თავისი გაგება იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც თავად მონღოლეთი აღმოჩნდა - "ბევრად პატარა ქვეყანა ორ მეზობელს შორის", რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამ კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მონღოლეთის მხარდაჭერას. თუმცა, მილერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანამ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.