საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს. განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს.
ბლინკენის განცხადებით, დასანქცირებულთა შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, "რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით."
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის.
ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმებისთვის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველისადმი, ასევე მათი ოჯახის წევრებისადმი, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
ეს პირები არიან მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე - კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტოს მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ დამატებითი, საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი, ძალადობის, დაშინებისა და ჩახშობის შიშის გარეშე," - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.