აშშ-ის მიერ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. უწყების პრესსპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია საქართველოს საკითხზე საუბრით დაიწყო.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ.
დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედბებში მონაწილეობის გამო,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერის განცხადებით, ხსენენული ქმედებები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს.
„აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევითა და გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმებისთვის რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით, შეუძლია, ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს.
„ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."