17 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაშვებულთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ მედია პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჰეზბოლას“ ცნობით, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. ბეირუთში ირანის ელჩმა ზედაპირული დაზიანება მიიღო. იტყობინებიან ირანული მედიასაშუალებები. ამ ცნობას Reuters-ი ვერ ადასტურებს.
ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ზიად მაკარიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაგმო პეიჯერების აფეთქება, როგორც "ისრაელის აგრესია." „ჰეზბოლამ“ ასევე დაადანაშაულა ისრაელი პეიჯერების აფეთქებებში და განაცხადა, რომ ის მიიღებს "სამართლიან სასჯელს."
ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს აფეთქებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა", რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში.
ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან - გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაერთნენ საზღვრისპირა ომში, რაც ბოლო წლების ყველაზე უარესი ესკალაციაა.
„ჰეზბოლამ“ სულ მცირე სამი ადამიანის, მათ შორის - მისი ორი მებრძოლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე თქმით, მესამე დაღუპული, გოგო იყო და რომ აფეთქებების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.
ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფეთქებები შეაფასა, როგორც ისრაელის "საშიში და მიზანმიმართული ესკალაცია." ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალებმა განაცხადა, რომ უამრავი უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობა აფეთქდა ლიბანის მასშტაბით, განსაკუთრებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რაც ჰეზბოლას დასაყრდენად მიიჩნევა.
„პეიჯერები, რომლებიც აფეთქდა, ჰეზბოლას მიერ ბოლო თვეებში შემოტანილი უახლესი მოდელები იყო,“ განაცხადა უსაფრთხოების სამმა წყარომ Reuters-ის ცნობით. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად, 2750 ადამიანი დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია. „დაშავებულთა შორის ბევრი იყო ჰეზბოლას მებრძოლი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის უმაღლესი პირების შვილები არიან,“ განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ.
ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.