„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს,“ - შესაბამის განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი სანქციები, ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ შიშის გარეშე. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ წერს ჰელსინკის კომისია.
ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“
17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.