ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“
17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.