ყაზახეთის პრემიერი შუა დერეფანზე: საქართველოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე უნდა გავზარდოთ

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლიას ბექტენოვი 19 სექტემბერს ასტანაში, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. იუწყება ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა სატრანზიტო-სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ირგვლივ.


„ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ TITR-ის განვითარების ფარგლებში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბექტენოვმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ტვირთების გადაზიდვა ამ მარშრუტით 65%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 69%-ით გაიზარდა და ტვირთების მოცულობამ 2,9 მლნ ტონას მიაღწია. „ჩვენი სახელმწიფოს მეთაური დიდ ყურადღებას უთმობს შუა დერეფნის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ.“


ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას კონკურენტული სატარიფო პირობების შესაქმნელად, ტრანსპორტირების დროის შემცირებისა და ტვირთის მოცულობის გაზრდის მიზნით TITR მარშრუტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის ჩათვლით.


ამასთან, აღინიშნა სატრანსპორტო დერეფნის აქტიური დიგიტალიზაციის აუცილებლობა, რაც გაზრდის მის მიმზიდველობას საერთაშორისო გადამზიდავებისთვის. შეხვედრაზე ბექტენოვმა და დავითაშვილმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფერო, საავიაციო ინდუსტრიის თანამშრომლობა, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერება.


აღინიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. 2024 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ინვესტორებმა ყაზახეთის ეკონომიკაში 88,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანმა მოცულობამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. 

ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.