საერთაშორისო გამჭირვალობა: სასამართლოს განჩინება „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ,,TV პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას საშიში პრეცედენტად მიიჩნევს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განჩინება „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას „TV პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩვენების შემდეგ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლება მისცა. აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს.

საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სასამართლომ პროკურატურას ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.