2008 წლის ომი და ქართველების მასობრივი დეპორტაცია: ევროსასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა გაიზარდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყეტილებით გათვალისწინებული კომპენსაცია, რა თანხამაც დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით, ამჟამად, 12 503 972,60 მილიონ ევროს მიაღწია.


2019 წლის 31 გადაწყვეტილებაში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 10,000,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც  საქართველოს არანაკლებ 1500 მოქალაქემ განიცადა. ეს საქმე ეხება რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას.


მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე, რუსეთის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდეს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, სრულად დაიცვას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი ღრმა შეშფოთება, რომ დარიცხული სამართლიანი ანაზღაურებისა და დავალიანების პროცენტი რუსეთს არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 30 აპრილს გადახდის ვადის ამოწურვიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა.


ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მინიჭებულ თანხას კვლავ ემატება ვალდებულების შეუსრულებლობის პროცენტი და რომ 2024 წლის 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანება 12 503 972,60 ევრო იყო.


მეორე საქმეზე, 2023 წლის 28 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მომჩივანი სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) 3 თვის ვადაში €129 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამ შემთხვევაშიც აღინიშნა, რომ ევროსასამართლოს მიერ მინიჭებული სამართლიანი ანაზღაურება გადახდილი არ არის, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა, 17 სექტემბრის მდგომარეობით, 141 183 849,33 მილიონამდე გაიზარდა. საქმე ეხება 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებულ ზარალს.


ცნობისთვის, 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული.