პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქების შედეგად ერთი პაკისტანელი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. დიპლომატები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ისლამაბადში. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე უცხოელი დიპლომატების კოლონა იყო. ამერიკის ხმის ცნობით, პოლიციის წარმომადგენლებმა მსხვერპლის შესახებ ცნობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ყველა დიპლომატი უვნებლად გადარჩა, მათ შორის იყვნენ რუსეთის, პორტუგალიის, ირანის, ინდონეზიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუანდის, ზიმბაბვეს, თურქმენეთის, ვიეტნამის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩები.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონის თანმხლები მანქანა პაკისტანის ქალაქ მინგორადან გზაზე ააფეთქეს, როდესაც ხელნაკეთი მოწყობილობა ამოქმედდა. მანქანა სასტუმროსკენ მიდიოდა. დიპლომატებმა ხეიბარ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის ხეობაში ტურიზმის განვითარების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. „დოიეჩე ველე“ წერს, რომ ეს ტერიტორია არის ბაზა მებრძოლი ჯგუფებისთვის, მათ შორის, პაკისტანის „თალიბანისთვის.“
პრემიერ მინისტრის შეჰბაზ შარიფის ოფისმა განაცხადა, რომ გმობენ თავდასხმას, როგორც "მშიშარა ტერორისტულ აქტს.“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია - არც TTP-ის მებრძოლებს, რომლებიც სამხედრო და პოლიციის ძალებზე პროვინციაში სასიკვდილო თავდასხმებს აწყობენ.
„ნობელის პრემიის პაკისტანელი ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელიც სვატის მკვიდრი იყო, 2012 წელს დახვრიტეს და მძიმედ დაჭრეს TTP-ის ბოევიკებმა. TTP-ის გაძლიერებული თავდასხმების შემდეგ, პაკისტანის პროვინცია ხეიბერ პახტუნხვაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, წლის დასაწყისიდან, 100-ზე მეტი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფი ძალადობას ავღანეთის თავშესაფრებიდან აწყობს და მას ხელს უწყობენ „თალიბანის“ მმართველები.
ქაბულში „თალიბანის“ მთავრობა, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ არცერთ უცხოურ დაჯგუფებას, მათ შორის, TTP-ს, არ აქვს უფლება, გამოიყენოს ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ წერს ამერიკის ხმა.
შაბათს, 21 სექტემბერს, სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების საპატრულო ჯგუფს და ორი ოფიცერი მოკლეს. მესამე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად კვირას, 22 სექტემბერს გარდაიცვალა.
- მასალა მომზადებულია AP-ის, DW-ის, და ამერიკის ხმის მიხედვით