რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოზე მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.


ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს ე.წ. უცხოური „აგენტების კანონის“, ასევე, „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც რეზოლუციის მიხედვით, „ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.“


რეზოლუციის ტექსტში ასევე საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.


ასევე, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროდეპუტატები ელოდებიან, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.“


ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს.