საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა შეუჩერეს

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.


OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. "აგენტების კანონის" შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა და მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ.


2023 წელს ე.წ. "აგენტების კანონის" პირველი ინიცირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეუჩერეს. OGP ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას.


მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილმი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.


საქართველომ 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე).


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.