ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.
„ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.