მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს

17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს.


„რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა.


უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.

„თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.


შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“


ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს.


ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.