საფრანგეთი ღიაა უკრაინის NATO-ში მოწვევის იდეისთვის, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის დედაქალაქში შაბათს, 19 ოქტომბერს, ბაროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ორივე მინისტრმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიკავა.
პარიზი მხარს უჭერს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ რუსეთთან ომში და საფრანგეთი მზადაა, გააგრძელოს კიევის დახმარება.
ამავე დროს ბარომ განაცხადა, რომ „საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.“ მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში.
„რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას,[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას ისაუბრა პარიზში ზელენსკის ვიზიტის დროს. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ,” - განაცხადა ბარომ.
კიევი NATO-ში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არ განიხილავს.
ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განმარტა, რომ მოწვევის გაცემის შემდეგ უნდა შედგეს გაწევრიანების ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება გაწევრიანების როგორც ვადები, ასევე, რეფორმები. ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანება მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფარგლებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ეს საკითხი არ განიხილება.