სტანო: ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან, ვიდრე ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, კერძოდ, მოლდოვასთან და საქართველოსთნ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.


„ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობასთან, ბოლო დრომდე, ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს.


საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ოფიციალური პირებისგან მოდის, მთავრობის წევრებისგან. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ, მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს.


ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან,“ - განაცხადა სტანომ.


შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“


ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს.


ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.


17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.