ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო, ინფორმაცია მედიას ცესკოს პრესსამსახურმა მიაწოდა. დღეს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად.
მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამ დროისთვის მარნეულის #69 საარჩევნო უბანი დახურულია.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.
„ვრცელდება მედია- და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს - ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში - იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ.