საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა, გამოსავლის მოსაძებნად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონს შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
დანიელსონი ახლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.