ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
დანიელსონი ახლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.