ორბანი: ვაკვირდები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ კამათს, უნგრელი დამკვირვებლების ანგარიშის მიხედვით, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.


ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და მან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის.


ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები და განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის - ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით ამისათვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.


ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.


იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად.


რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები.


ვიქტორ ორბანი:

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის პოზიტიური. ალბათ, ისტორიაა ამის მიზეზი. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ხართ. ჩვენ ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს და ეს განსაკუთრებულად სასიხარულოა.


მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და რომლის მიხედვითაც, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი, დემოკრატიული. ამიტომ ეს მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს.


ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და აირჩია მშვიდობა, უნგრეთშიც ასეა.


ასევე მინდა, აქვე განვაცხადო: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა.


მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ.


ჩვენ ასევე განვავითარებთ სტრატეგიულ ურთიერთობებს. უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა.


ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უზარმაზარი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობს ამ მიმართულებით და ერთობლივი საწარმოც გვაქვს, რაც გადამწყვეტია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.


მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილი ფინანსდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღონ, როგორც აქამდე ხდებოდა. არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ეს ჩვეული ამბავია, კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. ყოველთვის ასეა. როცა თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული.


თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები - მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში. უნგრეთში ან ნებისმიერი სხვა ქვეყანაში თუ ჩატარდება არჩევნები, ასე აღიქვამენ.

ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში.


უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგაც, საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება, გისურვოთ ბევრი წარმატება, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში.


ვიქტორ ორბანს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში, რაზეც ის პასუხობს:

"მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.


რამდენად იძლევა გარანტიას მხოლოდ უნგრეთის მხარდაჭერა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სხვა სახელმწიფოების განცხადებების ფონზე -

„თქვენ რა თქმა უნდა, აუცილებლად გახდებით ევროკავშირის სახელმწიფო," - განაცხადა ორბანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა.


„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - აღნიშნა ბორელმა. ვიქტორ ორბანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. 28 ოქტომბერს, ორბანი თბილისს ეწვია.


„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ,“ განაცხადა მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადების გაკეთებისას.

შეგახსენებთ, ორბანი უკრაინის დახმარების საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩა, რის გამოც ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.