პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ეფექტური იქნება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მოკლე დროში დასრულდება.
როგორ ღარიბაშვილმა დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი აქვს და ,,ქართული ოცნება" მოლაპარაკებებში იქნება მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
,,როგორც მოგეხსნებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი იმყოფება ვიზიტით საქართველოში, პირველ რიგში მე მინდა გულწრფელი მადლიერებით ავღნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესებში.
მოგეხსენებათ, რომ მისი ჩართულობა არ არის სისტემატიური და ხშირი შემთხვევა არაა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და სწორედ მისი ჩართულობა ევროკავშირის ინტერესს ადასტურებს ჩვენს მიმართ. ეს ხაზს უსვამს რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის , ეს რა თქმა უნდა არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი სახელმწიფოსადმი. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ჩვენ ასეთი პათოსით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით განმსჭვალულები უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს
კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა დავადასტურო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთი ფორმატის ფარგლებში.
ბატონი დანიელსონი არის გამოცდილი დიპლომატი, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ ველით ეს პროცესი ძალიან მოკლე დროში დასრულდება იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგისა და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.