ჰელსინკის კომისია: ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს

ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.


„დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც მესამე მხარეებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შეაგროვეს, სისტემურ დარღვევებზე მიანიშნებს, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, რამაც გავლენა იქონია არჩევნების პატიოსნებაზე.


საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები თაღლითურია და ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას ჩარეულიყო არჩევნებში და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის გამოეთხარა ძირი.


როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს, დაიცვან საკუთარი დემოკრატია,” - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.“


ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.


შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ჩინეთმა, ვენესუელამ მიულოცეს. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.