ზურაბიშვილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: ძლიერი აშშ საჭიროა, როგორც არასდროს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.


„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად," - წერს სალომე ზურაბიშვილი.


დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს.


ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები.


"ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.