საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.
შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.
„მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.
გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა პრემიერმა.
ოთხი დღის წინ კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პრემიერი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, ევროპულ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს შეხვდა.
შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სერიოზული ეჭვები" არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს. მიშელი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან გუშინ შეხვედრასაც.
"მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა."
„რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ.“
„მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ,“ - აღნიშნა მიშელმა მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან.
„შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან,“ - განაცხადა მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.
„შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი. მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში. მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ," - განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ.
6 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს "მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა" საქართველოსთან მიმართებით.
"მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს დემოკრატიისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ.
„მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“
ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას.
ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“
პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს.
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო:
- „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა.
29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.
- ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
- რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
- როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
- ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას