თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვადის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთის მიმართ განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს, მაგრამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის მხრიდან წამოსული ზოგიერთი გზავნილი შემაშფოთებელია.
ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტაზე თურქეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა განმარტა, რომ ანკარას არ აქვს სავაჭრო კავშირები ისრაელთან ამ მომენტში და არ სურს მათი განვითარება.
„თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ვერ განაგრძობს ურთიერთობას ისრაელთან. ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვაქვს. ჩვენ გავწყვიტეთ ვაჭრობა და კავშირები ისრაელთან,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, თურქეთმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ისრაელიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, მაგრამ ოფიციალურად არ გაწყვეტილა კავშირები ისრაელთან და მისი საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ინიციატივას, რომელიც თურქეთმა გაეროში წამოიწყო, ისრაელისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესების მიზნით.
შეგახსენებთ, ერდოღანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მან „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი "ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია.
- ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
- რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის