რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის - ამ თემას BBC-მ სტატია მიუძღვნა, რომელშიც წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, მრავალ ფრონტზე, პოტენციურად რადიკალურ ძვრებს გამოიწვევს, რადგან მსოფლიო ნაწილები ომისა და გაურკვევლობის წინაშეა.


ბრიტანული მედია იხსენებს, რომ თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ფართო პოლიტიკური დაპირებები გასცა, თუმცა ხშირად ის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობდა და ეფუძნებოდა არაინტერვენციონიზმისა და სავაჭრო პროტექციონიზმის პრინციპებს ან როგორც ის ამბობს - პრინციპს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა.“


  • „ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ,“ გაიმაორე დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


რუსეთი, უკრაინა და NATO

კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეეძლო ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის „ერთ დღეში“. კითხვაზე - თუ როგორ, მან დეტალები არ დააკონკრეტა. ტრამპისდროინდელი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელების მიერ მაისში დაწერილ კვლევით ნაშრომში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მაგრამ მხარდაჭერა რუსეთთან კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა განაპირობებს.


ტრამპის დემოკრატი ოპონენტები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კომფორტის უზრუნველყოფაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მისი მიდგომა უკრაინის დათმობას უტოლდება, რაც მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. ტრამპი მუდმივად ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტია ომის დასრულება და აშშ-ის რესურსების გადინების შეჩერება.


გაურკვეველია, რამდენად ასახავს ყოფილი მრჩეველთა ნაშრომი ტრამპის აზრებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ის გვთავაზობს სახელმძღვანელოს, თუ რა სახის რჩევებს მიიღებს 47-ე პრეზიდენტი. მისი მიდგომა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ასევე ვრცელდება NATO-ს მომავლის სტრატეგიულ საკითხზე - ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავდაპირველად, შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საყრდენი. NATO ახლა 32 ქვეყანას აერთიანებს და ტრამპი დიდი ხანია, ამ ალიანსს სკეპტიკურად უყურებს.


რეალურად, გამოიყვანს თუ არა შეერთებულ შტატებს NATO-დან, რაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ტრანსატლანტიკურ თავდაცვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს, დებატების საგნად რჩება.


მისი ზოგიერთი მოკავშირე ვარაუდობს, რომ ტრამპის მკაცრი ხაზი მხოლოდ მოლაპარაკების ტაქტიკაა, რათა წევრებმა ალიანსის თავდაცვის ხარჯების თაობაზე მითითებები შეასრულონ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ NATO-ს ლიდერები სერიოზულად შეშფოთდებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს მისი გამარჯვება ალიანსის მომავლისთვის და როგორ აღიქმება მისი შემაკავებელი ეფექტი მტრულად განწყობილი ლიდერების მიერ.


ახლო აღმოსავლეთი

ისევე როგორც უკრაინაში, ტრამპი ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის“ დამყარებას აანონსებს - ამბობს, რომ დაასრულებს ისრაელ-ჰამასის ომს ღაზის სექტორში და ისრაელ-ჰეზბოლას ომს ლიბანში, მაგრამ არ უთქვამს - როგორ. მან არაერთხელ თქვა, ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და არა ჯო ბაიდენი, „ჰამასი“ ვერ დაესხმებოდა თავს ისრაელს მისი „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის გამო ირანზე, რომელიც ხსენებულ დაჯგუფებას აფინანსებს. ზოგადად, სავარაუდოა, რომ ტრამპი შეეცდება, დაუბრუნდეს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, მისმა ადმინისტრაციამ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენა უფრო დიდი სანქციები და მოკლა გენერალი ყასემ სოლეიმანი - ირანის ყველაზე ძლიერი სამხედრო მეთაური.


თეთრ სახლში ტრამპმა მტკიცე პრო-ისრაელური პოლიტიკა გაატარა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თელ-ავივიდან იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა - ამ ნაბიჯმა გააძლიერა ტრამპის ქრისტიანულ ევანგელისტური ნაწილი - რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ძირითადი ჯგუფი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს უწოდა "საუკეთესო მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლში". მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მის პოლიტიკას დესტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდა რეგიონზე. პალესტინელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა  იერუსალიმზე - ქალაქი, რომელიც პალესტინელებისთვის ეროვნული და რელიგიური ცხოვრების ისტორიულ ცენტრს ქმნის.


ისინი კიდევ უფრო იზოლირებულნი დარჩნენ, როდესაც ტრამპმა შუამავლობით დადო ეგრეთ წოდებული „აბრაამის შეთანხმება“, რაც იყოს ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და რამდენიმე არაბულ და მუსულმანურ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების ნორმალიზებისთვის.


მათ ეს გააკეთეს ისე, რომ ისრაელს არ უნდა მიეღო მომავალი დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო მის გვერდით - ე.წ. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა - ადრე არაბული ქვეყნების პირობა ასეთი რეგიონული გარიგებისთვის. ისრაელის აღიარების სანაცვლოდ, ჩართულ ქვეყნებს მოწინავე ამერიკულ იარაღზე მიეცათ წვდომა.


ტრამპმა კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას სურს ღაზის სექტორში ომის დასრულება. მას ჰქონდა რთული, ზოგჯერ დისფუნქციური ურთიერთობა ნეთანიაჰუსთან, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს მასზე ზეწოლის უნარი. მას ასევე აქვს ძლიერი ურთიერთობების ისტორია არაბული ძირითადი ქვეყნების ლიდერებთან, რომლებსაც აქვთ კონტაქტები „ჰამასთან.“ გაურკვეველია, როგორ აპირებს ის პოზიციონირებას, როდესაც ისრაელის ხელმძღვანელობისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი და ამავე დროს, ომის დასრულების სურვილი აქვს.


ტრამპის მოკავშირეები ხშირად მიუთითებდნენ მის არაპროგნოზირებადობაზე და ამას დიპლომატიურ აქტივადაც განიხილავდნენ, მაგრამ უაღრესად სადავო და არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში, უკვე ისტორიული მასშტაბის კრიზისის შუაგულში, რთულია პროგნოზი, თუ როგორ შესრულდება ტრამპის გაცხადებული მიზნები.


მას მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ როგორ ან წასწიოს თუ არა წინ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული შეფერხებული დიპლომატიური პროცესი, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.


ჩინეთი და ვაჭრობა

ამერიკის მიდგომა ჩინეთისადმი მისი საგარეო პოლიტიკის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაზე. როდესაც ის თანამდებობაზე იყო, ტრამპმა ჩინეთს "სტრატეგიული კონკურენტი" უწოდა და აშში-ში ზოგიერთ ჩინურ იმპორტზე ტარიფები დააწესა. ამას პეკინის მიერ ამერიკულ იმპორტზე ტარიფების დაწესება მოჰყვა. სავაჭრო დავის დეესკალაციის მცდელობები იყო, მაგრამ კოვიდპანდემიამ ეს შესაძლებლობაც გააქრო  და ურთიერთობები გაუარესდა, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა კოვიდს „ჩინური ვირუსი“ უწოდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა ჰქონდა ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, მან, ფაქტობრივად, იმპორტზე, ტრამპის ეპოქის დროინდელი ბევრი ტარიფი შეინარჩუნა.


ტრამპმა თავის დროზე, შეაქო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, როგორც "ბრწყინვალე," "საშიში" და უაღრესად ეფექტური ლიდერი, რომელიც 1.4 მილიარდ ადამიანს "რკინის მუშტით"  აკონტროლებს - ამის გამო, ტრამპის ოპონენტების ნაწილი  "დიქტატორებით ტრამპის აღფრთოვანებაზე“ საუბრობდა. 


როგორც ჩანს, ტრამპი სავარაუდოდ, უარს იტყვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაზე - აეშენებინა აშშ-ის უფრო ძლიერი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში სხვა რეგიონულ ქვეყნებთან, ჩინეთის შეკავების მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა სამხედრო დახმარება ტაივანისთვის, რომელსაც ჩინეთი განიხილავს სეპარატისტულ პროვინციად, რომელიც საბოლოოდ, პეკინის კონტროლის ქვეშ იქნება.


ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, მას ტაივანის საკითხზე არ მოუწევდა სამხედრო ძალის გამოყენება ჩინეთის ბლოკადის აღსაკვეთად, რადგან თუ ეს მოხდა, ის დააწესებდა დამანგრეველ ტარიფებს ჩინურ იმპორტზე და ეს სი ძინპინისთვისაც ცნობილი ფაქტია.