ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხიინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის სახელით წარდგა.
„26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის ასარჩევად. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღესაც.
მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანას და ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. თქვენ წარმოადგინეთ კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც არჩევნების პროცესში აღინიშნა.
მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან.
მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. გამოიყენა ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს, საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა.
არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების შედეგებთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა. როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს არამარტო მათ, არამედ ჩვენც გვეხება,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
- მან „ამ გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ ევროკომისიის სახელით, სამ მნიშვნელოვან საკითხს ავუსვა ხაზი.“
პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება– 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა.
ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ დასაყრდენს წარმოადგენს.
მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს. ეს მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ზომებზე შევთანხმდეთ.
და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს.
ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი,“ - აღნიშნა სხინასმა.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს თავის ღრმა ერთგულებას დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და სწრაფვას ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიმართ.
ეს მონდომება და მედეგობა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის კომპასი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ღირებულებები, რომელთა გამოხატვაც ადრე მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში ვნახეთ. შესაძლოა, პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ყოველი ევროპული დროშა თბილისის ქუჩებში, პროტესტის თითოეული მონაწილეს მიერ ამოღებული ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელებს; ჩვენს ევროპულ დემოკრატიას; ჩვენს ევროპულ საფუძვლებს; ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს; ევროპულ კანონის უზენაესობას - იმედის შუქს ჩაგვრის წინააღმდეგ.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: მაშინ როდესაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ეხება მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი გაგრძელდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდავოა. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, რაც საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით იწყება.
გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიამ ახლახან მიიღო, აჩვენებს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის ცხადად საქართველოს ხელმძღვანელობისგან ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვალდებულებების შესრულების ერთგულების მკაფიო ნიშნებს ველოდებით, როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.
ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას მოუწოდა, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით.“
“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.
დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი, თავი შეიკავა.