ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით.


მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით” და გამოიყენა საკუთარი მნიშვნელოვანი რესურსები და "ომის შიში", როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია.


მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის, რადგან მისივე თქმით, დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მათ „დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ.“


“26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.


მინდა, ამ დებატების შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.


ნება მომეცით, თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით”, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია,” - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.


მისი თქმით, მმართველი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა, როდესაც ამბობდა, თითქოს, საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და აღნიშნული ტაქტიკა ოპოზიციის წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა.


„ეს ტაქტიკები წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული დარჩა და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა. არჩევნების შემდეგ, რამდენიმე ათასი საქართველო მოქალაქე მშვიდობიან დემონსტრაციებზე შეიკრიბა და თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ შედეგებთან და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროპული დროშებით იყო. როდესაც ჩვენ დემონსტრანტების ხელებში ევროპულ დროშას ვხედავთ, ვიცით, რომ ეს ასევე, ჩვენც გვეხება და არა მხოლოდ მათ,” - განაცხადა სხინასმა.


მანვე აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა - პირობები ცნობილია და ცხადია - რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში - მით უკეთესი.


საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა. ისაუბრა ევროკავშირის „მკაფიო პასუხზე” საქართველოში "დემოკრატიულ უკუსვლასთან" დაკავშირებით და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, „ცხად და მკაცრ პირობებს“ მოითხოვს. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორშაბათს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საშუალება იქნება განიხილონ და შეთანხმდნენ „ შემდგომ და დამატებით ნაბიჯებზე.“


„ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.

პირველი - ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება - ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და [საქართველოს] მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.


ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე [საქართველოს] ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.


მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, გამოეძიებინათ სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი “საგარეო საქმეთა საბჭოს” დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.


ბოლოს - ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობა კვლავ ერთგული უნდა გახდეს რეფორმების დღის წესრიგის, მათ შორის, 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა.


სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “უცხოური გავლენების კანონი” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონი” გაწვეულ უნდა იქნან. ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი,” - განაცხადა მან.


13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.


ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.


ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას მოუწოდა, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით.“


“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.


იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.


დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი, თავი შეიკავა.