მაია ბუწაშვილი: კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე კოვიდტესტირება საჭირო არ არის

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე რამდენიმე საათი დარჩა. საინტერესოა ქვეყანაში Сovid 19-ის ვაქცინაციის დაწყებამდე ვაქცინის ჩატარების მსურველებმა რაიმე სამედიცინო პროცედურა უნდა გაიარონ თუ არა. ამ კითხვით Europetime-მა ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს მიმართა.

როგორც ბუწაშვილი აცხადებს, ვაქცინაციის ჩატარებამდე არანაირი სამედიცინო გამოკვლევა, ან პროცედურა არ არის საჭირო.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებამდე არანაირი სამედიცინო გამოკვლევა, ან პროცედურა საჭირო არ არის. ეს არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყანაში ტარდება.

არ არსებობს ისეთი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციამდე რაიმე ტესტირება უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ კოვიდის ანტისხეულების არსებობა, ან არარსებობა, ან თუნდაც თვითონ კოვიდის არსებობის შემთხვევაშიც კი, რაიმე ისეთი გართულება არ არის მოსალოდნელი, ამიტომ, ეს გამოკვლევა არ არის პროტოკოლის ნაწილი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა და საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.