ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობა“ დატოვა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ წასვლას დასთანხმდა. მისი ე.წ. პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ „გადადგომა გადაწყვიტა“ „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტი" ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს.

მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა.


მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა, „გადადგეს,“ 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, თუმცა ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.