პირველად აზერბაიჯან-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში, საექსპორტო ტვირთი ბაქოდან ჩინეთში სარკინიგზო გზით გაიგზავნა, იუწყება Report აზერბაიჯანის რკინიგზაზე (ADY) დაყრდნობით.
პირველი საექსპორტო მატარებლის გაგზავნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის მაღალი დონის დელეგაციები, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სამდივნოს ხელმძღვანელობა, ასევე ჩინეთის (Xi'an Chanba) საერთაშორისო პორტის მართვის კომიტეტის წამყვანი ოფიციალური პირები.
პირველი საექსპორტო ბლოკის მატარებელი 62 40 ფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ეს ტვირთი ყაზახეთის გავლით ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს მშრალ პორტში გაიგზავნება. პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ბოლომდე იგეგმება ჩინეთში ამ მარშრუტით 15000 ტონა - 600 კონტეინერის საექსპორტო ტვირთის გაგზავნა.
აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის მოადგილემ არიფ აღაევმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ამ მოვლენის მნიშვნელობას.
„ეს ინიციატივა არამარტო აამაღლებს აზერბაიჯანის საექსპორტო პოტენციალს, არამედ, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციას გლობალურ სავაჭრო სისტემაში. დღევანდელი ღონისძიება დიდ მნიშვნელობას ატარებს. მნიშვნელოვანია ტვირთის გადაზიდვა ორივე მიმართულებით დასავლეთ-აღმოსავლეთის მარშრუტზე, ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლებათ, გაგზავნონ ტვირთი უშუალოდ ჩინეთში, შუა დერეფნის გავლით. როგორც ADY, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რათა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად გარდაქმნას.“
„მიუხედავად იმისა, რომ ეს საექსპორტო პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ადრე საქართველოს შავი ზღვის პორტების მეშვეობით აღწევდა, ახლა ADY, Absheron Logistics Center, Baku International Sea Trade Port და აზერბაიჯანის Caspian Shipping Company CJSC უშუალოდ განახორციელებენ ამ პროცესს ახალი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შექმნით აზერბაიჯანის პორტებისა და შესაძლებლობების გამოყენებით. 2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან აზერბაიჯანში 280 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ მარშრუტზე ჩინეთიდან 300-ზე მეტი საკონტეინერო მატარებლის მიღება იგეგმება. 2025 წლისთვის დაგეგმილია ბლოკ-მატარებლების რაოდენობის სამჯერ გაზრდა - 1000-მდე,“ წერს აერბაიჯანული მედია.