პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს. პროტესტის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. აქციის მონაწილეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.
რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტიც იყო.
მანამდე, თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები „არჩევნების მიტაცებას,“ „ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს,“ „პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებდნენ.“ დღესვე ქალთა მარში მოეწყო, რომლის მონაწლეებმაც საკუთარი პროტესტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით გამოხატეს.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც.
პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.