საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად ანრი ოხანაშვილი, დავით სონღულაშვილი კი - სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად არის წარდგენილი.
„წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს - ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე.
როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც.
პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც.
პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.