საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას - პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ
უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც.
პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.