საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს ულოცავს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი X-ზე განთავსებული პოსტის მიხედვით, გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე.
„გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე, იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას.
დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით, ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში,” - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
27 ნოემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა.
წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი.