მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის საკისრების მიმწოდებელი კომპანია Bearings on Lipetsk LLC და რუსეთის მოქალაქე იგორ მიჩურინი. Bearings on Lipetsk LLC საკისრების საბითუმო და საცალო მაღაზიაა მოსკოვში.
ბიზნესმენ იგორ მიჩურინს უკვე აქვს დაწესებული ამერიკული სანქციები. 2017 წელს შეზღუდვები შემოიღო აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, მიჩურინი დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეის კომპანია Korea Tangun Trading Corporation-თან.
Bearings on Lipetsk-ისა და მიჩურინის გარდა ამავე საქმესთან დაკავშირებით სანქციების სიაში შეყვანილია ჩინური კომპანია Dandong Mason-Age Trade Co Ltd და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქე. სანქციები დაწესებულია ორი წლის ვადით, შემდეგ კი, შეზღუდვა შეიძლება, გადახედვას დაექვემდებაროს.