XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტის სხდომა დასრულდა.
სესიამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღირებს.
ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
მანამდე პარტიამ ცესკოსაც მიმართა ე.წ. სათადარიგო სიების გასაუქმებლად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მსგავსი მოთხოვნა ჯამში სამ პარტიას („ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“) დაუკმაყოფილა. ცესკოსთვის არ მიუმართავს პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, რომელიც განმარტავს, რომ ამ ბერკეტს, როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ გამოიყენებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.