მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის პირველი სხდომა 25 ნოემბერს 12:00 საათზე გაიხსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელისა და პროტესტის ფონზე, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
„ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის წევრის ფიცი დადეს. სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა. ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები - რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან. იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა - უმრავლესობა 89 წევრიანია და მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
ფიცი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა. მანამდე, დროებითმა სამანდატო კომისიამ - 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. სხდომა გრძელდება - მას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება.
პარლამენტში იმყოფებიან სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და საპატრიარქის წარმომადგენლები. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი მოსამართლე. სხდომაზე, სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, სხდომა არ დანიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.
პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. მას ოპოზიცია არ ესწრება.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი, დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.