პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ. პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია.


აქციის დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.


პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი. მედიაში ვრცელდება ცნობები დაკავებულების შესახებ, თუმცა შსს-ს ოფიციალური განცხადება აქციის დაშლის შემდეგ არ გაუვრცელებია.

03:16 საათზე პოლიციამ ისევ დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რითაც მომიტინგეების მიერ დანთებული ცეცხლი ჩააქრეს. პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.


ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.