შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მიმართვაშია აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ვითარების განმუხტვის მიზნით, სპეციალური საშუალება გამოიყენა.
„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.