საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელის.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
„მოველი ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან,“ - წერდა სალომე ზურაბიშვილი.
„საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები,“ - წერს პრეზიდენტი ამავე სოციალური პლატფორმის საშუალებით.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.